A PRELIMINARY ANALYSIS OF THE GEORGIAN PALIMPSEST PARIS, BNF, GÉORG. 5 WITH MULTISPECTRAL IMAGING
Main Article Content
Abstract
საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია პალიმფსესტური ხელნაწერი Paris, BnF, géorg. 5, რომლის ზედა ფენა წარმოადგენს გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებულ ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულს – მარხვანს, ხოლო ქვედა ფენა სამ სხვადასხვა ტექსტს შეიცავს. ლიტურგიკული თვალსაზრისით მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასომთავრულით გადაწერილი ლექციონარი, რომელიც იერუსალიმურ ტრადიციას ასახავს.
European Research Council (ERC)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწიგნობრობის განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე (DeLiCaTe)“ ფარგლებში, რომელიც ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელი ცენტრის ბაზაზე პროფ. იოსტ გიპერტის ხელმძღვანელობით ხორციელდება, შესაძლებლობა მოგვეცა Paris, BnF, géorg. 5-ის ქვედა ფენის ტექსტი MuSiS-ის აპარატით გადაღებული მულტისპექტრული ფოტოების გამოყენებით ამოგვეკითხა. შესაბამისად, წარმოდგენილი სტატიით ვაქვეყნებთ ბევრად მეტ მასალას Paris, BnF, géorg. 5-ის ქვედა ფენაში დაცული იერუსალიმური ტიპის ლექციონარის ტექსტისა და შედგენილობის შესახებ, ვიდრე მეცნიერებისთვის აქამდე იყო ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ Paris, BnF, géorg. 5-ის კითხვადი პალიმფსესტური გვერდების სრული ტექსტი გამოკვლევითურთ პროექტის შემაჯამებელ ნაშრომში გამოქვეყნდება. წარმოდგენილი სტატია კი გახლავთ ჩვენი
კვლევის წინასწარი ანგარიში.
Paris, BnF, géorg. 5-ის ქვედა ფენაში დაცული იერუსალიმური ტრადიციის ლექციონარის სრულად ამოკითხვა და გამოცემა რამდენიმე
მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, იგი დამატებით სიცხადეს შეიტანს იერუსალიმური ტიპის ლექციონარების სტრუქტურის შესწავლის საქმეში, მეორე მხრივ კი, ახალ ტექსტოლოგიურ მასალას მოგვცემს ძველი და ახალი აღთქმის საკითხავების სახით, რომლებიც ძველი ქართული თარგმანებისაგან განსხვავებულია.
Paris, BnF, géorg. 5 შეიცავს 292 ფურცელს. აქედან 76 პალიმფსესტური ფურცელი 29-38 რვეულებზეა გამოყენებული. პირველი პალიმფსესტური ხელნაწერი (8 ფურცელი) გადაწერილია ნუსხურით და, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში არის აღნიშნული, იერუსალიმური ტრადიციის ამსახველ ლექციონარს შეიცავს. ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებული გვაქვს ექვსი საკითხავი. მეორე პალიმფსესტური ხელნაწერი (4 ფურცელი) გადაწერილია ასევე ნუსხურით, თუმცა განსხვავებული ხელით. მასში დაცული ტექსტი
ზატიკის პერიოდის ჰიმნოგრაფიულ მასალას უნდა წარმოადგენდეს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მესამე პალიმფსესტურ ხელნაწერზე. ამ ეტაპისთვის 128 პალიმფსესტური გვერდიდან ამოკითხული და იდენტიფიცირებული გვაქვს 80 გვერდი, 48 გვერდი კი არ იკითხება. პალიმფსესტური ხელნაწერი გადაწერილია მცირე ზომის ოვალური ასომთავრული ასოებით. ზოგიერთ გრაფემას ვერტიკალური ხაზი წაგრძელებული აქვს. საზედაო ასოები არ არის ორნამენტირებული. საკითხავების სათაურები დაწერილია სინგურით, რის გამოც ისინი სრულად არის გადარეცხილი. სინგურით უნდა იყოს დაწერილი სხვა ლიტურგიკული აღნიშვნები: ფსალმუნი, დასდებელი, ალელუაჲ, ოხითაჲ და სხვა. განკვეთილობის ნიშნად გამოყენებულია ერთწერტილი სტრიქონის ზედა ნაწილში, ზოგიერთი მუხლის ან საკითხავის დასასრულს კი – სამწერტილი.
პალიმფსესტური ხელნაწერი დაქარაგმების ადრეულ ნიშნებს არ ავლენს.
პალეოგრაფიული თვალსაზრისით იგი IX-X საუკუნეებში უნდა იყოს
გადაწერილი, უფრო ზუსტი თარიღის თქმა რთულია.
რაც შეეხება ლექციონარის შედგენილობას, ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებული გვაქვს ლექციონარის 59 საკითხავი, რომლებიც საეკლესიო წლის კალენდრის სხვადასხვა დღეს განეკუთვნება. პირველი საკითხავი 24 დეკემბრისაა, ბოლო კი – სულთმოფენობის. შესაბამისად, ლექციონარი სრული შედგენილობისა უნდა ყოფილიყო შობიდან სულთმოფენობის ჩათვლით.
ამოკითხული საკითხავების მიხედვით აღვადგინეთ პალიმფსესტური ლექციონარის სტრუქტურაც. ისინი 21 რვეულზე უნდა ყოფილიყო განაწილებული. რეკონსტრუქცია, ბუნებრივია, პირობითია. თუმცა პალიმფსესტურ ფურცლებზე წარმოდგენილი საკითხავები და მათი თანმიმდევრობა ცხადყოფს, რომ იგი პარიზის ლექციონართან შედარებით მცირე რაოდენობის საკითხავებს შეიცავდა.
ჩვენ მიერ ამოკითხული ლექციონარის საკითხავები არაერთგვაროვან სურათს აჩვენებს, ამიტომ მათი ერთ კონტექსტში განხილვა არ იქნება მართებული. სტატიაში გამოქვეყნებულია დიდმარხვის მეხუთე კვირის ოთხშაბათის საკითხავი გამოსვლათა წიგნიდან (Ex. 8.20 – 9.35, no. 496) პარალელური წაკითხვებით Paris, BnF, géorg. 5-ის (P5), პარიზის (P3), ლატალისა (L) და კალას (K) ლექციონარებიდან. ჩვენი მიზანია, აღნიშნული საკითხავის მაგალითზე სამეცნიერო საზოგადოებას ვაჩვენოთ Paris, BnF, géorg. 5-ში დაცული ლექციონარის ტექსტის თავისებურებანი და მისი მნიშვნელობა ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ქართული თარგმანის კვლევის თვალსაზრისით. საკითხავი გამოსვლათა წიგნიდან შეირჩა შემდეგი მიზეზით: ის ერთადერთია, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი
ყველა ლექციონარი შეიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტი ძირითადად მიჰყვება პარიზის, კალასა და ლატალის ლექციონერებს. Paris, BnF, géorg. 5-ში დაცული ლექციონარის თავისებური წაკითხვები ზოგჯერ ასევე დასტურდება ან პარიზის, ან ლატალის, ან კალას ლექციონარებში, მაგრამ ზოგიერთ ვარიანტს არც ერთ სხვა ლექციონარში ანალოგი არ ეძებნება. სტატიაში სწორედ ამგვარი ორიგინალური იკითხვისებია განხილული.
გარდა ამისა, საკითხავი no. 496 შევადარეთ გამოსვლათა წიგნის ძველი ქართული თარგმანის შემცველ ხელნაწერებსაც. საკითხავის ეს მუხლები ექვს კოდექსში არის დაცული: O (ოშკის ბიბლია, Ivir. georg. 1, 978 წ.), B (ხეც A-455, ბაქარის ნაბეჭდი ბიბლია), A (ხეც H-1207, XVIII ს.), K (ქუთ. 28, 1681 წ.), C (ხეც A-179, 1669 წ.) და S (ხეც A-51, XVII-XVIII სს.). ძველი აღთქმის ახალ გამოცემაში (2017 წლის) მითითებული ოთხი რედაქციიდან (OB, AK, C, S) Paris, BnF, géorg. 5-ის ქვედა ფენაში დაცული ლექციონარი, აგრეთვე სხვა ლექციონარების (P3, L, K) ტექსტები, უფრო ახლოს დგას OB რედაქციასთან. უმეტეს მუხლებში ლექციონარების ტექსტი OB-ს იდენტურია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავდება მათგან. სტატიაში სწორედ განსხვავებული შემთხვევებია განხილული.
Paris, BnF, géorg. 5-ის პალიმფსესტურ ხელნაწერზე მუშაობა გრძელდება. დაგეგმილი გვაქვს რთულად ამოსაკითხი გვერდების მულტისფექტრულად ხელახალი გადაღება უახლესი ტექნოლოგიის (MSI) მეშვეობით, რომელსაც ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელი ცენტრის ლაბორატორია უზრუნველყოფს. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, პალიმფსესტი კიდევ უფრო სრულყოფილად ამოვიკითხოთ და Paris, BnF, géorg. 5-ის პალიმფსესტურ ფურცლებზე დაცული ტექსტები
“DeLiCaTe”-ის პროექტის ფარგლებში სრულად გამოვცეთ. მათი გამოცემის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის ქართული თარგმანებით დაინტერესებულ მეცნიერებს ხელთ ექნებათ კვლევისთვის საინტერესო მასალა და შეეძლებათ ცალკეულ საკითხავთა წარმომავლობისა და მიმართების დადგენა ძველ ქართულ თარგმანებთან.